5 თებერვალს, ჩოხატაურის „ბორის პაიჭაძის“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დასავლეთის თასის გათამაშების კალენდარული მატჩი გაიმართა ჩოხატაურის „ბახმაროსა“ და ტყიბულის „მეშახტეს“ შორის. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ანგარიშის გახსნა მაინც მასპინძლებმა მოახერხეს. საჯარიმოში ჩოხატაურელთა თავდამსხმელი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი მიხეილ ჟღენტმა უშეცდომოდ შეასრულა.
მეორე ტაიმში მეორე გოლიც თერთმეტმეტრიანიდან გავიდა, ამჯერად ივანიშვილმა გამოიჩინა თავი და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ „ბახმაროს“ რიგებში პირველივე ტაიმიდან დაიწყო ცვლილებები. მოგეხსენებათ მოსამზადებელი ეტაპია და ფეხბურთელები ჯერ კიდევ არ არიან სათამაშო ფორმაში. დებიუტი ჰქონდათ ძირითად გუნდში ჩოხატაურის სასპორტო სკოლის გუნდის ფეხბურთელებს _ ლაშა სიხარულიძეს, გიორგი ჯიბუტს და ანტონ თოდრიას.
მთავარი მოვლენა კი მაინც გუნდის ყოფილი კაპიტნის, დავით სიხარულიძის დაბრუნება გახლდათ, რომელმაც, დაახლოებით, სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ „ბახმაროში“ გადაწყვიტა კარიერის განახლება.
მატჩის ბოლოს სტუმართა მოძალებულ შეტევებს „ბახმარომ“ კონტრშეტევით უპასუხა და ივანიშვილმა პირველი დუბლის გაფორმება შეძლო. ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს მატჩი დასასრულამდე.
შემდეგ ტურში „ბახმარო“ აბაშის „ზანას“ უმასპინძლებს. მატჩი 8 თებერვალს, 14 საათზე გაიმართება „ბორის პაიჭაძის“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.