მიკრობლოგების სოციალური ქსელი „Twitter“-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ, გასული წლის მეოთხე კვარტალში – საშუალოდ თვეში 305 მილიონი შეადგინა. წინა კვარტალში მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ თვეში – 307 მილიონი გახლდათ. 2013 წლის შემდეგ, ეს რეგრესის პირველი მაჩვენებელია. იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც თვეში ერთხელ მაინც შედიან საიტზე, ფაქტიურად არ შეცვლილა და 320 მილიონი გახლავთ.
ამერიკული კომპანიის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მისი კვარტალური მოგება 48 %-ით გაიზარდა და 710,5 მილიონი დოლარი შეადგინა (2014 წელს – 479,1 მილიონი $).
პოპულარობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით, „Twitter“-სა და სოციალურ ქსელ „Facebook”-ს ხშირად ადარებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ცუკერბერგის შექმნილი კომპანია გაცილებით პოპულარულია და რეკლამების საშუალებით მეტი ფინანსების გამომუშავებასაც ახერხებს. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, „Facebook”-ს საშუალოდ დღიურად 1,04 მილიარდი მომხმარებელი იყენებდა, ხოლო თვის განმავლობაში აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ – 1,59 მილიარდი შეადგინა. მარკ ცუკერბერგმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 2030 წლისათვის, Facebook“-ი თავისი მომხმარებლების რაოდენობის – 5 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved