დღეს ოზურგეთის მ. ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტში მხატვარ თინათინ ჟღენტის პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ გურიის მხარის გუბერნატორი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის და საზოგადოების წარმომადგენლები.
ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გამოფენით დაინტერესებულ ადამიანებს უამბო ხელოვანი ქალბატონის 25 წლიან რუტინულ შრომაზე. მან ხელოვნების ურთულეს დარგში, გრაფიკაში მუშაობით ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნა. დახვეწილია მისი ბისერების ნამუშევრებიც.
მხატვარმა ვახტანგ მამეშვილმა ემოცია ვერ დამალა:
"რატომღაც ის ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, არადა, ეს არის მაესტრო. ვიტყვი, რომ გრაფიკის ურთულეს ხელოვნებას ძალიან სიღრმისეულად ფლობს და ლამის უფრო დატვირთულია, ვიდრე რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება. დარწმუნებული ვარ, თბილისში რომ მოეწყოს მისი ნამუშევრების გამოფენა, სრული ანშლაგი იქნება და საზღვრებს იქით, მსოფლიომაც უნდა გაიცნოს ის. ჯერ არ ვიცით, სად მოხვდება ჩვენი თინათინი, ახლა მთავარია, მისი ნამუშევრები ბევრმა ნახოს ბევრგან,"_ ასე შეაფასა მხატვარმა ხელოვანი ქალის შემოქმედება.
მხატვარს მიესალმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე.
გამოფენის ავტორმა თინათინ ჟღენტმა განსაკუთრებული მადლობა მოუხადა საზოგადოებას, გურიის მხარის ხელისუფლებას, კულტურის სამსახურებს, სახვითი ცენტრის ხელმძღვანელებს და თქვა, რომ ყოველმხრივ ეცადა საკუთარი აბსტრაქტულ-ავანგარდისტული ნამუშევრებით, სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულება ეჩვენებინა ადამიანებისთვის .