კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნება.
"კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.
საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, "მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით".
გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს "love") მიეკუთვნება პორნოგრაფიას.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა", _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, გასპარ ნოეს ფილმი Love კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. ის ასევე აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე.