ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის საკუთრებაში 4 მიწის ნაკვეთი, ერთი საცხოვრებელი სახლი და ორი არასაცხოვრებელი ფართია.
ამის შესახებ ჯინჭარაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 4 მარტს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ჯინჭარაძე ფლობს 150.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს ჩოხატაურში ჯალაღანიას ქუჩაზე და ამავე მისამართზე არსებულ 1500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, ჯინჭარაძის საკუთრებაშია ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული 14 და 40 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართები. ასევე, ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 14.00 და 40.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთები. ხოლო მისი მეუღლე, ირინა მამალაძე ფლობს 180.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს კურორტ ბახმაროში.
თამაზ ჯინჭარაძის 100%-იან საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA 4runner-ი.
რაც შეეხება ჯინჭარაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მას სახელფასო ანგარიშზე ლიბერთი ბანკში 3.94 ლარი ჰქონდა.
მის მეუღლეს კი, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 7.47 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4.53 ლრი ერიცხებოდა.
თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამაზ ჯინჭარაძეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოსტიდან 2015 წელს, შემოსავლის სახით 23 300.00 ლარი მიუღია. მის მეუღლეს, ირინა მამალაძეს კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის სკოლისგარეშე სააღმზრდელო პედაგოგის თანამდებობიდან 600.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან (ა(ა)იპ კატასტროფების მართვის ოფიცერი) კი – 7200.00 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, თამაზ ჯინჭარაძის სახელზე, 2014 წლის 11 ივნისს ლიბერთი ბანკში 10000.00-ლარიანი სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული (ვადის ამოწურვა – 11/06/2017), რომლის პროცენტის დასაფარადაც ერთი წლის განმავლობაში 4188.00 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება ოჯახის წინა წლების შემოსავლებს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2014 წელს, ჯინჭარაძის შემოსავალი ჯამში 30472 ლარი იყო – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესრულების გამო მან 22972.00 ლარი აიღო, ხოლო გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობიდან – 7500.00 ლარი.
2013 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესრულებისთვის ჯინჭარაძეს 31130.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული;
2012 წელს კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, გამგებლის მოვალეობის შესრულებისთვის 350.00 ლარი აქვს მიღებული.