"მიკროავტობუსების ქურდობის ფაქტზე, ამ წუთებში, ოზურგეთის პოლიციაში, გამომძიებლები, "ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, ბექა ფუტკარაიას კითხავენ" – ეს ინფორმაცია დღეს რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ამბავი 2014 წლის 9 მარტს მოხდა და მიკროავტობუსების ქურდობის ფაქტზე სამი პირი დღემდე იხდის სასჯელს. დაკავებულთა შორის ბექა ფუტკარაია არ არის.
"გურია ნიუსს" სოციალური ქსელით რამდენიმე მომხარებელი კითხვით დაუკავშირდა.
"რატომ არ ავრცელებთ ინფორმაციას "ქართული ოცნების" წევრის დაკავებასთან დაკავშირებით?"
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბექა ფუტკარაის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.
"სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული ინფორმაცია თითქოს დღეს – "მიკროავტობუსების მოპარვის ფაქტზე პოლიციამ "ქართული ოცნების" ლიდერი დააკავა" – სიმართლეს არ შეესაბამება.
ბექა ფუტკარაია დილიდან იმყოფება სამსახურში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
მივმართავთ აღნიშნული სტატიის ავტორებს და ვთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანენ შეცდომაში დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით."