ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში ახალი საწარმოს მშენებლობა ივნისში უნდა დასრულდეს.
პროექტს, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარია სს „წყალი მარგებელი“ შვეიცარიელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან და EBRD-თან ერთად ახორციელებს.
ქარხნის დაგეგმარება განახორციელა გერმანულმა კომპანია KRONES-მა, რომელიც მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ჩამომსხმელი და შესაფუთი ხაზების წარმოებაში.
_ ეს იქნება რეგიონში პირველი Greenfield პროექტი, უალკოჰოლო სასმელების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც გერმანული და შვეიცარული ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა. საწარმოში ჩამოისხმება ნატურალური წვენები, ნექტარები, ლიმონათები, ცივი ჩაი, შორლე (უშაქრო გაზირებული ვაშლის წვენი) და სხვა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პროექტის ავტორმა, სს „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელმა მიხეილ სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ჩამოსხმა, რომლებიც საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.