არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ და მოუწოდებენ სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირებისკენ.
მედიასა და საჯარო სივრცეებში სტუდენტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, მარტსა და აპრილში "აუდიტორია 115"-ის გააქტიურების პარალელურად, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მოძრაობის არაერთ წევრზე ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მოძიების მცდელობას, მათ შორის, აქტივისტების ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაციის, ან ახლობლების გამოკითხვის ფორმით.
როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევებში ასევე ადგილი ჰქონდა მათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან უხეში ფორმებით კომუნიკაციას, რაც გამოხატული იყო, მათ შორის, საჯარო სამსახურის დატოვების მუქარით.
სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომუნიკაციების დროს, პირები არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას და ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ეცნობოდნენ როგორც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები. ცალკეულ შემთხვევებში, მათი იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელი იყო ოფიციალური დოკუმენტაციისა და ტანსაცმლის (სამსახურებრივი ფორმის) მიხედვით.
სტუდენტების მიერ დასახელებული შემთხვევები გამოხატულად ემთხვევა "აუდიტორია 115"-ის გააქტიურების ეტაპებს. პირველ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მარტის დასაწყისში, როდესაც მოძრაობა აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ხოლო შემდგომი ფაქტები უკვე აპრილში მოძრაობის ხელახალი გააქტიურების ეტაპებს ემთხვევა.
გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების მოტივით ერიდება ფაქტებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული არაერთი ინფორმაცია საკმარისია ამ პრობლემის მასშტაბების და ფორმების წარმოდგენისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ იყო გაკეთებული და ის უნივერსიტეტიდან "ოდეერის" გათავისუფლებას გულისხმობდა. სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნები, პროტესტის შინაარსი და ადრესატი, სტუდენტების მიერ დასახელებულ გარემოებებთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადგილი ჰქონოდა ამ ტიპის საპასუხო მოქმედებას და სტუდენტურ პროტესტის მსგავსი ფორმებით შეკავების მცდელობას.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი. ამასთან, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსნებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს გამოეხმაურონ გავრცელებულ ფაქტებს და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია რას გეგმავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით; აგრეთვე მოუწოდებენ შესაბამისი სამსახურების გენერალურ ინსპექციებს დაიწყონ სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით და დროულად გაასაჯაროვონ მოკვლევის შედეგები.