ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქალები პოლიტიკაში" ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ განაცხადი სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ გააკეთა.
რომან ბიწაძის თქმით, დეპუტატთა მიერ კომისიისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია ამ ჯერზე შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის თვითმმართველობის შესახებ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და ფრაქციაც უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას. თუმცა, ფრაქციის კანონიერებასთან დაკავშირებით, ბიწაძისვე ინფორმაციით, კითხვები აქვს დარეჯან ბურჭულაძის თანაპარტიელს, ომარ გოგიჩაიშვილს, რომელმაც ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა.
"კომისია არ არის საგამოძიებო ორგანო, მან იხელმძღვანელა დეპუტატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. თუ რაიმე სახის გაურკვევლობაა თანაპარტიელებს შორის, ეს მათი შიდა პარტიული პრობლემაა და შესაბამისად "პატრიოტთა ალიანსმა" უნდა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით", – დასძენს ბიწაძე.
ახალი ფრაქციის თავმჯდომარე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ადილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა მურვანიძეა, ხოლო მისი თანაფრაქციელები არიან "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დარეჯან ბურჭულაძე და "ეროვნული ფორუმის" წევრი ელისო ჭიჭინაძე. როგორც ფრაქცია აანონსებს, იგი სამომავლოდ ოპონირებას გაუწევს საკრებულოს უმრავლესობას.