ბოლო პერიოდში გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური განცხადებებს ავრცელებს და რჩევებს ხან ერთ პარტიას, აძლევს ხან _ მეორეს.
მისი ბოლო განცხადება პაატა ბურჭულაძეს და მის გუნდს ეხებოდა, რომელშიც ერქომაიშვილმა პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდის წევრების "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა და მათი პოლიტიკური კარიერა მიმოიხილა.
ერქომაიშვილმა "ნაციონალებთან" კავშირში, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილიც დაადანაშაულა.
გურიის გუბერნატორის მოადგილეს სოციალური ქსელშივე უპასუხა “საქართველოს განვითარების ფონდის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა.
“მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ქრისტიანთათვის უმძიმეს, ქრისტეს ჯვარცმის დღეს სულაც არ გახლდით განწყობილი მსგავსი განცხადებების საკეთებლად, მაგრამ გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილის, სოსო ერქომაიშვილის სრულიად უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარმა ჩემი პიროვნების მიმართ, მაიძულა მოგახსენოთ, რომ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოღვაწეობისას მუდამ ვმუშაობდი პრინციპით, “საქმემან შენმან გამოგაჩინოს“!
ვიყენებდი ხალხის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ღვთისგან ბოძებულ შანსს და ვცდილობდი მაქსიმალურად დავხარჯულიყავი ოზურგეთისა და ოზურგეთელების სასიკეთოდ!
ბ-ნო სოსო, ჩემს დღემდე ნაკეთებ საქმეებზე ფაქტები და კონკრეტული ადამიანები საუბრობენ. ის ხალხი, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, 22 მაისს გასამართ შუალედურ არჩევნებზე ჩემს ღირსეულ მეგობარს, გრიგოლ კალანდარიშვილს, დაუჭერს მხარს!
ხალხი ყველაზე სამართლიანი მსაჯულია და მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის რამდენ ტალახს ესვრის _ კონკრეტულ თარიღებში საარჩევნო ყუთებთან თავის ბრძნულ არჩევანს გააკეთებს.“ _ წერს ალეკო მამეშვილი.