ოზურგეთის ქუჩებში დადგმულ სარეკლამო ფარებზე გაკრული პოსტერების დანიშნულება ტურისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ორიენტაციის გაადვილებაა. პოსტერების ერთი ნაწილი გურიაში საინტერესო ადგილების მდებარეობას წარმოაჩენს, მეორე ნაწილი კი _ ოზურგეთისას. ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ეკლესიის მიმდებარედ განთავსებული რუკა-გზამკვლევის მიხედვით, გეოგრაფიაში ნაკლებად განსწავლულ ადამიანს ორიენტაცია გაუჭირდება, რადგან მეცნიერულად სწორი რუკა სარეკლამო ფარზე დამაბნევლადაა განთავსებული და ურეკის მიმართულება დგომის წერტილიდან ოზურგეთიდან აღმოსავლეთითაა, ჩოხატაური კი – დასავლეთით.
გზამკვლევზე არც ჰორიზონტის წერტილებია მითითებული, რომ ორიენტაცია და გზამკვლევის წაკითხვა გაადვილდეს. ადამიანი, რომელიც ამ რუკას გაჰყვება, არც აღმოსავლეთით წასვლას ინანებს და არც დასავლეთით, მაგრამ ამ რუკაზე ქალაქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები – საავადმყოფოები, სამაშველო სამსახური, იუსტიციის მომსახურების ცენტრებია აღნიშნული. ამ ობიექტებში მისვლის მსურველები კი ამ ფარის გამო, მინიმუმ, დროს დაკარგავენ.