რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებას, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები არ დასწრებიან. როგორც თამთა მურადაშვილმა განაცხადა, ის სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს.
„პირველი ინსტანციის ბრჭყალებში მოსამართლე, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ვფიქრობ დღეს არის 10 ივნისი არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე. პანაშვიდზე ვართ მოსულები მე განგებ შავებში ვარ დღეს, იმიტომ, რომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მინდოდა მიმესამძიმრებინა ქართული საზოგადოებისათვის, რომ დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ განიხილა.
რუსთავი 2-ის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლებას აძლევს და მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საქმეების განხილვაში.
ამ ფაქტზე დაყრდნობით ტელეკომპანიის ადვოკატები მის აცილებას და საქმის ხელახლა განხილვას ითხოვდნენ.