"ვხედავ "ქართული ოცნების" პარტიის შიდა სტრუქტურის პრობლემას, არც არსებობს სრულყოფილი სტრუქტურა. არც სახელმწიფო არსებობს სრულყოფილი. ნებისმიერ სტრუქტურას განვითარება სჭირდება, კვირიკაშვილი აცნობიერებს ამას… თუ ისინი მაქსიმალურ ორგანიზებულობას შეძლებენ, "ნაციონალებს" ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა", _ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას "გურია ნიუსის" კითხვის საპასუხოდ გუშინ განაცხადა.
ყოფილ პრემიერს "გურია ნიუსმა" ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს მას არჩევნების მოგების, როდესაც "ქართული ოცნების" შიდა პარტიული სტრუქტურა გაუმართავია და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე გურიის რეგიონში მმართველი ძალისთვის წაგებების სერია გრძელდება. ხედავს თუ არა ამ პრობლემას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და რამდენად სწორი შეფასება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ნასაკირალის დეპუტატის დაკავების გამო წააგო, რომელიც ქრთამის აღებისთვის დაიჭირეს და ეს ხელისუფლებას ხალხმა არ აპატია.
ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ან პრინციპულობა არ დაუფასა მოსახლეობამ, ან არადა, ორგანიზაციაში იყო კითხვები".
"გაცილებით უკეთესი შედეგი გვქონდა. თქვენ ასახელებთ თვითმმართველობის არჩევნებს? – გეთანხმებით, 4 მანდატი დავკარგეთ. გავაანალიზოთ, რაზე ვერ იმუშავა "ქართულმა ოცნებამ" და რა უნდა გაეთვალა – ჰყოლოდა სხვა კანდიდატები, სხვა საშუალებები თუ ა.შ. ყოველთვის რჩება კითხვა, რომ რაღაც კარგად არ გამოვიდა. მე მაინც ძირითად აქცენტს გავიმეორებდი, რაც წინა კონფერენციაზე ვთქვი. 2014 წელს ნასაკირალში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა იგივე კანდიდატი, ვინც დღეს მოიგო. "ქართულ ოცნებას" ჰყავდა კანდიდატი, რომელიც დღეს ციხეშია. ჩემი აზრით, მოსახლეობამ არასწორად შეაფასა ეს სიტუაცია.
საზოგადოებას უფრო მკვეთრი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და მთავრობას ეს პლიუსში უნდა ჩაუთვალოს და არა მინუსში. ეს კითხვაც არის, მაგრამ რომელი ჭარბობს ის რაზეც თქვენ მიანიშნეთ, რომ უფრო გაუმართავი ორგანიზაცია იყო თუ საზოგადოებამ გააკეთა არასწორი რეაქცია იმაზე, რაც მოხდა, რთული საანალიზოა. მაგრამ მაინც მგონია, რომ გამგებლის დაჭერა არ მოეწონათ. ამან იმუშავა ძალიან ცუდად. თუ ეს ასეა, შემაშფოთებელია, თუ ეს ასე არ არის და სხვა მიზეზია – უკეთესია.
თუმცა, თქვენს კითხვას არ ვეთანხმები, რომ წარუმატებლობის სერია თან სდევს "ქართულ ოცნებას", ხმები დავკარგეთ 2014-ში და ახლაც ვკარგავთ. რეალურად, რაც მოხდა 9 ოლქიდან ერთი მოიგო "ნაციონალურმა მოძრაობამ". როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამასაც ხაზი შეიძლება გაესვას, რომ 9-დან ერთი აიღეს, რაც 11%-ია; და ეს არის მათი ელექტორატი, დაახლოებით, 9-დან 11%-მდე. "ქართული ოცნება" კი 30%-ზე ქვემოთ არ ჩამოსულა. სხვათაშორის, ამ არჩევნებშიც ეს იკვეთება – 9-დან ერთი ადგილი მოიგეს ნასაკირალში. ეს არის მათი რეიტინგი და რეალურად ზრდის რესურსი არ გააჩნიათ. კლების რესურსი კი, არსებობს", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "გურულები მაგარი პოლიტიკოსები არიან და კარგად იციან პოლიტიკა. თუმცა, იქ კიდევ არის ანალიზი, რაც აქ არ მინდა მოვიშველიო. სხვადასხვა ტიპის მოსახლეობაა და სხვადასხვა ტიპის რეაქცია ჰქონდა. შესაბამისად, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება".
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" სწორად თუ მოიქცევა და დააკომპლექტებს გუნდს, "ნაციონალებს" ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ, თანაც იცით, რომ მათ გამოეყვნენ წევრები შექმნეს პარტია, აპირებენ კიდევ მეორე პარტიის შექმნას. თუ ასე განვითარდა მოვლენები "ნაციონალებს" ზრდის რესურსი არ აქვთ, მაგრამ კლება შეიძლება მოხდეს და მათ შეიძლება პრობლემა დაუდგეთ ბარიერის გადალახვაში", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
კითხვაზე: ხედავს თუ არა ყოფილი პრემიერი პარტიის შიდა სტრუქტურის პრობლემას? ივანიშვილმა გვიპასუხა:
"როგორ არ ვხედავ?! – ვხედავ და არც არსებობს სრულყოფილი სტრუქტურა. არც სახელმწიფო არსებობს სრულყოფილი. ნებისმიერ სტრუქტურას განვითარება სჭირდება, კვირიკაშვილი აცნობიერებს ამას და შრომობს, ცდილობენ. რა გამოვა ვნახოთ, თუ ისინი კარგ ორგანიზაციას გააკეთებენ, მაქსიმალურ ორგანიზებულობას შეძლებენ, კიდევ გავუსვამ ხაზს რომ "ნაციონალებს" ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა", _ აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ "ნასაკირალში ჩატარებულმა არჩევნებმა გარკვეული კითხვები გააჩინა".
"თუ ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელში თავისი სისტემებით მოიგო არჩევნები, ნასაკირალში წააგო პირწმინდად მთავრობამ _ არა იმიტომ რომ ბევრი შეცდომა დაუშა, თუმცა ამაზეც შგევძლია ვისაუბროთ, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა არ და ვერ გაიგო. აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი, _ განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ ნასაკირალელმა ამომრჩეველმა მთავრობა ყოფილი დეპუტატის დაკავების გამო დასაჯა, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ბეჭდური და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრა გუშინ, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. აკრედიტირებული 65 მედიასაშუალებიდან პრემიერს კითხვა 38 მედიის წარმომადგენელმა დაუსვა.
ივანიშვილმა დღესაც ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ავკარგიანობაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობებზე და განათლების სისტემის მნიშვნელობაზე.
"გურია ნიუსი" ამ დრომდე ელოდება შეხვედრის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ჯერჯერობით, დაპირების მიუხედავად, არ მიგვიღია.