თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ე.წ. კანონიერ ქურდს დავით გერლიანს(ჩაჩიბაიას) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს ინფორმაციით, დავით ჩ.-ს ბრალად ედება კანონიერი ქურდობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
"საქმის მასალების თანახმად, დავით ჩ. 2014 წელს აღიარებულ იქნა ე.წ. "კანონიერ ქურდად". იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. "ქურდულ გარჩევებსა" თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით. 2016 წლის 22 ივნისს ბრალდებული იმყოფებოდა მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპის მიმდებარე ტერიტორიაზე და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, ვინაიდან არსებობს როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის, 9 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.