საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა.
მარია გაბრიელი ევროპელ დეპუტატებს ურჩევს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.
ანგარიშის პრეზენტაციაზე მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია გააძლიერებს როგორც ევროკავშირის ურთიერთობებს საქართველოსთან, ისე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს.
"ვიზალიბერალიზაციის დაწესებით, პროგრესი ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვნად წაიწევა წინ. ეს უძლიერეს ბიძგს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორობის განმტკიცების საქმეში და საქართველოს მოქალაქეებს დიდ სარგებელს მოუტანს, რადგან გაამარტივებს ადამიანებს შორის ურთიერთბას, კულტურული კავშირებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას", _ განაცხადა მარია გაბრიელმა.
„საქართველო ევროკავშირის სამეზობლოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. ამიტომ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივ ინტერესშია“, – დასძინა მარია გაბრიელმა.
ევროპარლამენტის მომხსენებლის თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოში რეფორმების მხარდამჭერის აღიარება იქნება.
მარია გაბრიელის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის საკვანძო პარტნიორი ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ტრეფიკინგთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში.
"მომხსენებელი მიესალმება ინტერესს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპოლთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით გამოხატა", _ ნათქვამია მარია გაბრიელის ანგარიშში.
"მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ამ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას, კრიტერიუმების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს ბენეფიტი ვიზალიბერლიაზაციის დაწესებისგან და აქვე აღნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმების შესრულება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მომხსენებელი რეკომენდაციას უწევს სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტს, მხარი დაუჭირონ ამ ანგარიშს", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ევროდეპუტატებს მარია გაბრიელის მიერ წარდგენილ ანგარიშში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 14 ივლისამდე აქვთ.