ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული განვითარების ცენტრის სანერგე მეურნეობის ფართობზე 1500 ძირი სტევია დარგეს. ის ტროპიკული მცენარეა და გასულ საუკუნეში საქართველოში უკრაინიდან შემოიტანეს. სტევია ძირითადად დიაბეტით დაავადებული ადამიანების აუცილებელი საკვები საშუალებაა, რომელიც ჩაის სახით გამოიყენება.
_ დღეისთვის ჩვენ სტევიას 15 ათასი ძირი ნერგი შევისყიდეთ ლანჩხუთში და ოზურგეთში, ფერმერული ცენტრის ფართობზე დავრგეთ. ეს არის ნაკლებად ყინვაგამძლე მცენარე და ჯერჯერობით, როცა გადავჭრით, შემოდგომაზე მიწას შემოვაფარებთ. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს სასათბურე მეურნეობის მშენებლობა და შემდეგ დახურულ გრუნტში გადავიტანთ.
ჩვენი მიზანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ვისაც დიაბეტი აწუხებს, მივცეთ 10-15 ძირი სტევიას ნერგი უფასოდ, რომ საკუთარ კარმიდამოში დარგონ და მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას, _ გვითხრა ა(ა)იპ ფერმერული განვითარების ცენტრის დირექტორმა შალვა შავიშვილმა.
მან, ასევე, განმარტა, რომ ერთი წლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, 150 ათასი ძირი ნერგი მიიღონ, რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით მინიმალურ ფასებში გადასცემენ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს: _ ეს არის წარმატებით გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს დიაბეტი. სტევიას მოშენება ნამდვილად იქნება მათთვის შვება, _ თქვა შალვა შავიშვილმა.