რაც უფრო დაშორებით ცხოვრობს ადამიანი დედამიწის ზედაპირიდან, მით უფრო სწრაფად ბერდება, – დაამტკიცეს ამერიკელმა სწავლულებმა. უფრო სწორად, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალბერტ აინშტაინის სიმართლე. ფარდობითობის თეორიის ავტორმა დაადგინა, რომ დედამიწისგან მოშორებით დრო უფრო სწრაფად გადის, მაგრამ ახლა სპეციალისტებმა შეძლეს, ზუსტად დაეთვალათ ამ ეფექტის ციფრობრივი პარამეტრები.
თუ საცხოვრებლად მოეწყობით ცათამბჯენის ყველაზე მაღალ სართულზე, თქვენ უფრო სწრაფად დაბერდებით, ვიდრე ერთსართულიან სახლში, ან კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრების შემთხვევაში.
თავის დროზე აინშტაინმა ივარაუდა, რომ დედამიწიდან დაშორებით, გრავიტაციის შესუსტების გამო, საათს უფრო სწრაფად უნდა ემოძრავა. მართლაც, ორი საფეხური ზევით – დროს აჩქარებს წამის 90 მემილიარდედი ნაწილით. კიბეზე სამი მეტრით მაღლა ასული ადამიანისთვის 79 წლის განმავლობაში წამის 900 მემილიარდედი ნაწილით მეტი დრო გავა, ანუ, ამდენივე ხნით დაბერდება. თუ ადამიანი მთელ ცხოვრებას გაატარებს ცათამბჯენის ბოლო სართულზე, რომლის სიმაღლეა 381,3 მეტრი, მაშინ იგი წამის 104 მემილიონე ნაწილს დაკარგავს.
"განსხვავება დროში ძალზე მცირეა და ამას ადამიანები ვერც გრძნობენ. მას პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ გეოფიზიკასა და მეცნიერების სხვა დარგებში შეიძლება ჰქონდეს", – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ფიზიკოსმა ჯეიმს ჩინ-ვენ ჩოუმ.