საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს მთაწმინდის პარკში, 21 საათზე დაასახელებს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, სოლიდარობის ფონდის პრეზიდენტი მარიამ ჯაში იქნება.
"ქართული ოცნება" საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოქლში ასევე პოლიტსაბჭოს ახალ წევრს მამუკა მდინარაძეს დაასახელებს. საბურთალოზე იქნება წარდგენილი ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურაც.
ჩვენი ინფორმაციით "ქართული ოცნება" თბილისის ერთ-ერთ უბანში კანდიდატად დაასახელებს ინტელექტკლუბ "რა? სად? როდის" პროდიუსერსა და წამყვანს გიორგი მოსიძეს.
მმართველი პარტიის რჩეული გახდა ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილიც.
"ოცნების" ერთ-ერთი კანდიდატი იქნება ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ყოფილი "ქრისტიან-დემოკრატი" ზაზა გაბუნია.