სეისმოლოგების პროგნოზით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, დიდი ალბათობა არსებობს, რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს დიდი მიწისძვრა დაატყდეს თავს.
ქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტოკიო მომზადებული შეხვდეს სტიქიის მოსალოდნელ შემოტევას.
ტოკიოს მეტროპოლიტენის შტაბ-ბინაში განგაშის ხმაზე მოსამსახურეები თავშესაფრისკენ გარბიან, მეზობელ ცათამბჯენში ხანძარსაწინააღმდეგო სირენის გაგონებისთანავე მუშები გარეთ გამოდიან. ეს წვრთნები ტოკიოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს.
ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის შინიჩი საკაი: “ ჩვენი გამოთვლებით ტექტონიკური აქტიურობა შვიდჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს რომ მომავალი 30 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრის განმეორების საფრთხე 98%-ია. უახლოესი ოთხი წლის მანძილზე კი ეს საფრთხე 70%-ს შეადგენს".
იაპონელემა მეცნიერებმა დედაქალაქში პოტენციური მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ანიმაციური მოდელი შექმნეს. მათი გაანგარიშებით ტოკიოში 7,3 ბალის სიძლიერის მიწისძვრას დაახლოებით 11 000 ადამიანის დაღუპვა და 850 000 სახლის დაზიანება შეიძლება მოჰყვეს.
ტოკიოში მეცნიერები ახალ სამშენებლო ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რომლებიც მიწისძვრისგან დასაცავად სეისმური იზოლაციის პრინციპებზეა აგებული.
როგორც ამ კორპორაციის მთავარი ინჟინერი მასააკი სარუტა აცხადებს ტოკიო უფრო უკეთ არის მომზადებული სტიქიასთან გასამკლავებლად ვიდრე იაპონიის სხვა ქალაქები.
მისი თქმით:“ ახლად აშენებული შენობები ძლიერ მიწისძვრას გაუძლებენ. ტოკიოს ძველი სახლების გამაგრებითი სამუშაოებიც წარმატებით ჩატარდა. მე არ ვამტკიცებ, რომ ნგრევის თავიდან აცილება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უფრო მეტი სეისმომდგრადი სახლები უნდა ავაშენოთ და კიდევ უფრო გავამაგროთ ძველი შენობები".