ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტთან.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა შეხვედრის დასაწყისში წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების ხელშეწყობისთვს მადლობა გადაუხადა.
"დღევანდელი დღის განმავლობაში მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მივულოცო", _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვიზიტი მნიშვნლოვანი მესიჯია საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ ბევრი რეფორმა განახორციელა.
"ჩვენი შეხვედრები ხაზს უსვამს მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველომ როგორც ასპირანტმა ქვეყანამ ბევრი რეფორმა განახორციელა, რითაც კმაყოფილები ვართ. მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში", _ აცხადებს სტოლტენბერგი.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ოქტომბერში გასამართი არჩევნები დემოკრატიული იქნება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა გაგრძელდება და გაღრმავდება მომავალში.