პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს ყოველგვარი კონფრონტაციისგან თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია.
„მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოიყენოთ კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება; გააკეთოთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად – ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს _ უპირველეს ყოვლისა, თუ რაიმე ძალადობის რისკი არსებობს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში, მაგრამ ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომ ისიც იყოს დაცული. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ დღეს ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი ისაუბრა წარმატებებზე, რომლებიც ასევე დადასტურებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენების უფლება არავის მიეცემა.
„ეს წარმატებები არის ძალიან ძვირფასი ყველა ჩვენგანისთვის, მიღწეულია ბევრი ადამიანის შრომით და ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლითაც. ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, რაიმე ჩრდილი მიადგეს ამ წარმატებას და არავის მიცემ უფლებას, რაიმე რისკის ქვეშ დააყენოს ის უმნიშვნელოვანესი განვითარების პროცესი, რომელსაც დღეს ადგილი აქვს საქართველოში", _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.