ფსიქიატრიაში ცნობილია შიშების _ „ფობიების“ უსასრულოდ მრავალი გამოვლინება. უკანასკნელ წლებში მათ მიემატა „ნომოფობია“, რაც ამავე დროს ნეოლოგიზმიც არის _ წარმოქმნილია ინგლისური სიტყვებიდან: „ნო მობილე ჰობია“ და გულისხმობს ადამიანის უმობილუროდ დარჩენის შიშსა და ღელვას.
დიდ ბრიტანეთში, კომპანიამ „Secur Envoy“ ანალოგიური შიშები აღმოუჩინა რესპონდენტთა ორმესამედს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 41%–მა განაცხადა, რომ მათ აქვთ არა ნაკლებ ორი ტელეფონისა, რათა სულ მზად იყვნენ კავშირებისათვის.
ამას გარდა, დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც: „მობილურის“ დაკარგვის შიში აქვთ ქალების 70%–ს და მამაკაცების 61%-ს, სამაგიეროდ, მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ ორი „მობილური“ (47%), ვიდრე ქალებს (36%).
რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ხშირად არის შეპყრობილი „ნომოფობიით“. 18–დან 24 წლამდე ამ „დაავადების“ სიმპტომები დადგინდა 77%–ში. ასევე, მაღალია მონაცემები 25-დან 34 წლამდე _ 68%.
უნდა აღინიშნოს, რომ „მობილურის“ დაკარგვის შიში იზრდება ყოველწლიურად _ შედარებისათვის: მსგავსმა გამოკითხვამ 2013 წელს „ნომოფობიის“ სულ 53% გამოავლინა.