BBC-ის ინფრმაციით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს საღად უყურონ კავშირის ირგვივ არსებულ პრობლემებს, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთმა რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირი დატოვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ბრატისლავაში ბრიტანეთის გარეშე იკრიბებიან და შეხვედრაზე ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მომავალზე უნდა იმსჯელონ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ტუსკი შეხვედრაზე მიგრაციის პრობლემის დაძლევის გზებს განიხილავს.
"ევროკავშირი ცოტა ხნის წინ შეირყა ყველა სახის კრიზისისგან და შეუძლებელია მოვიქცეთ ისე, თითქოს არაფერი ყოფილა არასწორი, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდეს", _ აცხადებს ტუსკი.
მისივე განცხადებით, ევროკავშირმა ბრექსიტის გამომწვევი რეალური მიზეზების დიაგნოზიც უნდა დასვას და მოსახლეობას კავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ რწმენა უნდა დაუბრუნოს.
თუმცა, როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებს შორის, ეკონომიკის განვითარების, ევროპის უსაფრთხოების და მიგრანტების შემოდინებაზე რეაგირების მხრივ, აზრთა სხვადასხვაობაა.