„თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ზენაიშვილმა პარტია დატოვა და მოძრაობას _ „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ შეუერთდა.
ზენაიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ 25 სექტემბერს, ლანჩხუთის კულტურის სახლში „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მოძრაობის ლიდერი პაატა ბურჭულაძე თანაგუნდელებთან ერთად ლანჩხუთელ მხარდამჭერებს შეხვდა.
ვახტანგ ზენაიშვილის თქმით, მიუხედავად გარკვეული პიროვნული სიმპათიებისა, სამომავლოდ ის მაინც ვერ ხედავს საკუთარ ადგილს „თავისუფალ დემოკრატებში“, რადგან მიიჩნევს, რომ იგი მისთვის მიუღებელი მიმართულებით ვითარდება, რის გამოც, საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პარტია.
„რადგან ჩემი ხედვები თანხვედრაში მოდის პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ხედვებთან, ამიტომ გადავწყიტე, ამ პარტიაში გაწევრიანება და შესაბამისად, შევუერთდე პოლიტიკურ მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“, _ აღნიშნა ვახტანგ ზენაიშვილმა ბურჭულაძესთან შეხვედრისას.
ვახტანგ ზენაიშილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას გასული წლიდან ხელმძღვანელობდა. მან ამ პოსტზე ელგუჯა ჩხაიძე ჩაანაცვლა, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობამ საკუთარი რიგებიდან საკრებულოში „ნაციონალებთან“ ერთად ფრაქციის შექმნის გამო გარიცხა.