“თუ ოზურგეთში ღიად არ ილაშქრებენ და არ გვესხმიან თავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩართულია, ასე ვთქვათ, მთელი სახელმწიფო მანქანა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხრან, რომ არ მისცენ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას". მე იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელე, რომლებზეც ახდენენ ზეწოლას. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. პირადად ილა კეჭაყმაძემ, კახი კალაძის ახლო მეგობარმა, შემომითვალა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოზურგეთში ყოფნის დროს აქცია არ გამემართა, რა თქმა უნდა, მოვაწყვე საპროტესტო აქცია, რადგან ილა კეჭაყმაძის ჭკუაზე ვერ ვივლი და მისი გადაწყვეტილებები ჩემთვის არ არის საინტერესო. მე მაქვს ჩემი გეგმა, ჩემი კონკრეტული მიმართულება და ვერც ილა კეჭაყმაძის მუქარა და ვერც იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი არ დაუჭირონ", _ აღნიშნული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში _ "ა’რჩევანი" , "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან არჩილ თალაკვაძესთან დებატებში გააჟღერა.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, ვისი მეშვეობითაც ილია კეჭაყმაძე დავით მჟავანაძეს დაემუქრა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ეს პირი “ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით მჟავანაძის შტაბის ხელმძღვანელი მიხეილ გოგოტიშვილია.
ჩვენთან საუბრისას არცერთი მათგანი ერთმანეთთან შეხვედრას არ უარყოფს:
“კი. შემხვდა ილია კეჭაყმაძე ოზურგეთში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლის წინა დღე, ასე მითხრა. როგორც თქვენ დახვდებით ჩემს სტუმარს. ისე დავხვდები მე თქვეს სტუმარსო _ ეს მუქარაა თუ მუქარის შემცვლელი, ეგაა, ამაზე იყო საუბარი. მართლაც ასე მოხდა, ჩვენ ისე დახვდით, როგორც უნდა დავხვდვედროდით და შესაბამისად, ანალოგიურად გადაგვიხადეს მათ ჩვენც“, _ამბობს გოგოტიშვილი.
ილია კეჭაყმაძე მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ მჟავანაძეს მხოლოდ წაგება უწინასწარმეტყველა:
“მართლაც შემხვდა მიშიკო გოგოტიშვილი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში და არჩილ თალაკვაძესთან შუამდგომლობა მთხოვა იმ პროექტებში ჩასართავად, რომელიც თალაკვაძის ინიციატივით შეიქმნა _ ვგულისხმობ C ჰეპატიტის და ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებულ პროექტებს. დახმარება აღვუთქვი და პასუხიც გავეცი, რომ 8 ოქტომბერს არჩილ თალაკვაძე “ნაციონალებს“ და დავით მჟავანაძეს კარგ რეცეპტს გამოუწერს და ისეთ პროექტს შეუდგენს, ისინიც განიკურნებიან-მეთქი. ამაში თუ რამე მუქარაა, მე არ ვიცი. მიშიკო გოგოტიშვილი მისი გამზრდელია და შეწუხებული იყო“, _ ამბობს კეჭაყმაძე.