გლდანში ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა – უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია", _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყების განმარტებით, პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.