"სამწუხაროა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბრალდებების გარდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ყოფნით მყარი პოზიციებისთვის. ეს არის სრული სიცრუე“, _ ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის სხდომის შემდეგ, ოპონენტების ბრალდებას პედაგოგებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების სისტემა აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია ეს სისტემა. მე შევხვდი 9 000-მდე პედაგოგს და ამის შესახებ პირადად ვუთხარი, რომ ჩვენ ჩვენი სკოლები და მოსწავლეები ყველანაირად უნდა დავიცვათ ამ ხრიკებისგან. რესურს-ცენტრებთან მქონდა პირდაპირი საუბარი, რომ არც ერთი პარტიის, მათ შორის არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან არანაირი აქტივობა სკოლის და სამუშაო საათების კონტექსტში არ უნდა ყოფილიყო. თუ ასეთი დარღვევები იქნება, ჩვენ ამაზე რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებთ ადმინისტრაციულად. მე უპარტიო ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი მანდატი არის, თავის დროზე შექმნილი მანკიერი პრაქტიკა სრულიად აღმოიფხვრას. ამ ბრალდებებს ამჟამად არანაირი საფუძველი არ აქვს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მასწავლებელი ან კონკრეტული დირექტორი თავისი ინციატივით რამეს აკეთებდეს და ეს ძალიან მკაცრად დაისჯება. ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული სკოლა, აბსოლუტურად იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან“, _ განაცხადა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არც ერთი პედაგოგის თუ სკოლის დირექტორის მხრიდან პოლიტიკურ აქტივობაზე სამინისტროში ინფორმაცია არ მისულა.