საქართველოს მმართველი პარტია ახალი მანდატის მოპოვებას ცდილობს_ ამ სათაურით ეხმიანება BBC საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამეტო არჩევნები განიხილება, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გამოცდა.
მისივე ცნობით, ადგილებისთვის 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია უწევს ერთმანეთს კონკურენციას, თუმცა, მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მიმდინარეობს.
გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩევლების უმეტესობას გადაწყვეტილი არ აქვს ვის აძლევს ხმას.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი თბილისიდან იუწყება, მოსახლეობა არჩევნებით დაღლილია, რადგან ქვეყანაში გრძელდება სიღარიბე, უმუშევრობა და ვალები, რაც მათი ცხოვრების დეგრადაციას იწვევს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურება.
როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა პარტიებმა 150 კაციან პარლამენტში მოხვედრისთვის 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
BBC-ის ცნობით, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მანდატს კიდევ ერთხელ მოიპოვებს, რის გამყარებასაც, გასული 4 წლის მანძილზე წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით და ევროპასთან სავაჭრო გარიგების მიღწევით, ცდილობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა განხორციელებული რეფორმების შედეგად, 2012 წლის ციხის სკანდალამდე, იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი მმართველი პარტიის და მისი მილიონერი დამფუძნებლით, ბიძინა ივანიშვილით დაიღალა.
BBC -ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ოფიციალურად პოლიტიკა დატოვა, ქვეყანაში გადაწეყვეტილებების მიმღებად მიიჩნევა.
მაუწყებლის ცნობით, რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს ავტორიტარული სახელმწიფოები, საქართველო , ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმატებული ქვეყანაა მრავალ პარტიული დემოკრატიით.