ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 81 საჩივარია შესული.
მისივე ინფორმაციით, საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ.
„საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება, მათი ძირითადი ნაწილი საარჩევნო უბნებში აღმოიფხვრა. ოლქებში შეტანილი საჩივრების ძირითადი სამართლებრივი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაწესებაა. საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობის ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში ამ დროისთვის 1821 ზარია შესული. მათი უმეტესობა ამომრჩეველთა მიერ სიაში მონაცემთა გადამოწმებას შეეხება. გარდა ამისა, ზარები შეეხო სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების დაზუსტების საკითხს.