რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.
თბილისის მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული მონაწილეობენ მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“. სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემააკონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.
სამიტი დღეს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.
კონფერენცია 4 ნოემბერს დაიხურება.