არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით პოზიციები უკვე შეჯერებულია.
უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ კომიტეტს ახალი მოწვევის პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძე აღარ უხელმძღვანელებს და მას „ქართული ოცნების“ ახალი სახე მარიამ ჯაში ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაშს მიღებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და უშუალოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებას.
გარდა ამისა, არსებული ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია კიდევ ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ასევე ახალი სახე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გუშინ საღამოს გაიმართა. აღნიშნული პროცესი გრძელდება.