"მე აბსოლუტურად მესმის მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელსაც სესხები აქვს აღებული დოლარში" _ ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს.
კობერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თემის ფუნდამენტური განხილვა.
”მე აბსოლუტურად მესმის მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელსაც სესხები აქვს აღებული დოლარში და მათთვის ეროვნული ვალუტის რყევა არის მტკივნეული. ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამ თემაზე მიგვითითებენ, აქაც შეცდომას უშვებენ. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ლარის კურსის მსგავსი ცვალებადობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კხარია და ისინი იმაზე არ საუბრობენ, თუ რამ მიიყვანა ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი და ბუნებრივია, მასზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს.
ეროვნულ ბანკს მოვუწოდებ, რომ პროცესი გახდეს უფრო მეტად გამჭვირვალე, სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით. ჩვენ განახლებულ გუნდს და მთლიანად ”ქართული ოცნებას” გვაქვს წინასაარჩევნო პროგრამა ”სწრაფი ეკონომიკური განვითარება” და მსგავსი თემების განხილვის გარეშე, საფონდო ბირჟის კაპიტალის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ, რომ დღეს ორი პუნქტით აიწია ლარმა თუ სამი პუნქტით დაიწია“, _ განაცხადა ლევან კობერიძემ.