სოციალურ ქსელში გავრცელდა კომბლეს ღია წერილი, რომელიც რიკო გაბრიჩიძეს ეკუთვნის.
"კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას!
გამარჯობა, ბატონო სანდრო. მე კომბლე ვარ. ნამდვილი სახელი რიკო მქვია, მაგრამ ყველა კომბლეთი მიცნობს, მეც ისე შევეჩვიე, რიკო, რომც დამიძახონ, ვერ გავიგებ. ალბათ, იფიქრებთ, რამ გაახსენა ჩემი თავიო, მაგრამ მეც ეგრე ვიფიქრე, თქვენი განცხადება რომ ვნახე _ კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეაო (იმედია ახლა იმას არ იტყვით, უსაქმურიცაა, რადგან წერისთვის დრო გამონახაო).
რაც დავიბადე, მას მერე ცხვრებს ვუდგავარ, ალბათ, გგონიათ რომ სხვა საქმე არ ვიცი, მაგრამ იმაზე არ ფიქრობთ, რას ვჭამ, რას ვსვამ, ან რა მაცვია?! ზღაპარში ჩემ გარდა, რომ არცერთი სულიერი არაა, გამოდის, რომ ჭრაც ვიცი, კერვაც და საჭმელებსაც ვაკეთებ, აბა, თქვენსავით "ბაყაყს ხომ არ შევჭამ?!"
კომბლებს თლისო, ისე ამბობთ, თითქოს ხე-ტყეს ვანადგურებდე. ჰკითხეთ, ბატონ გიგლა აგულაშვილს და გეტყვით, რომ ერთი ჯანსაღი ხე არ მომიჭრია, კომბლის მასალად მხოლოდ გამხმარ ხეებს ვიყენებ.
ბატონო სანდრო, რაღა დაგიმალოთ და მეც მინდა ბევრი ცხვარი, მაგრამ რისთვის ვიყოლიო? მე ორი ცალიც მყოფნის, ზღაპარში კიდევ ჩემს მეტი არავინაა და მგლისთვის გავზარდო?!
თქვენი ამ განცხადების მერე, ველოდები ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ კომბლე არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, როცა მელას, დათვს და ტურას ცხვრების შეჭმას აბრალებდაო. ისე, სანდრო ბატონო, იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, უმაღლესი ცოდნა რომ მაქვს ანატომიასა და ქირურგიაში? თუ გგონიათ, რომ მგლის მუცლიდან ამოყვანილი ცხვრები თავისით გამთლიანდნენ?! იქნებ, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებშიც დაგენახათ ჩემი წვლილი? შარლ პერომ სწორედ მე წამიყვანა წითელქუდასა და ბებიამისის მგლის მუცლიდან ამოსაყვანად და თუ იცით რატომ?! იმიტომ, რომ მას ბოლომდე და გააზრებით ჰქონდა ზღაპარი წაკითხული.
"სპაიდერმენი" და "სუპერმენი" გმირები არიანო, შე დალოცვლო, ერთი კომბლით შევებრძოლე ბატონს, ეგ არაა გმირობა? მოძალადეაო, _ ამბობ, სად ნახეთ ძალადობა?! მე რომ მოძალადე ვიყო, ცხვრებს თავის ნებაზე გავუშვებდი? არა, ვეტყოდი, 10-ზე სახლში იყავით-მეთქი ან კიდევ საერთოდ ჩავკეტავდი და საჭმელს შევაწვდიდი, მაგრამ ულტრალიბერალი ვარ და მივეცი თავისუფლება. ეს ჩურჩუტები კი წავიდნენ, პირდაპირ მგელს ჩაუვარდნენ ხახაში და სალაპარაკო მისცეს ყველას.
მოკლედ, ბატონო ალექსანდრე, ძალიან მატკინეთ გული, რამდენი ჭორი გამიგია ჩემზე (ფიფქიას ბოიფრენდი, ნაცარქექიას ბიზნესპარტნიორი და სხვა), მაგრამ ასე არაფერს მოუკლავს ჩემთვის გული. არ დაგიმალავთ და თქვენგან განსაკუთრებით მეწყინა, თუმცა, რას ვიზამთ, ავიტან, უბრალოდ, სამომავლოდ იცოდეთ, ასეთი რამეების თქმას მოერიდეთ.
გკოცნი ბევრს, შენი კომბლე".