"ჩვენ გვაერთიანებს ერთი ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინსვლა და პარლამენტში პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე" _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი წლების განმავლობაში შექმნა იმის პირობები, რომ დღეს ხალხს ხელისუფლების შიში არა აქვს:
"ჩვენი საზოგადოებაც არის გაზრდილი, პოლიტიკურად მნიშვნელოვანად წინ წასული და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ არის აბსოლუტურად სხვა რიგის. ყველა პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა გავითავისოთ ეს მოთხოვნები. ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას" და, რა თქმა უნდა, მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.