ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედმა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე მონიტორინგი განახორციელეს და იქ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი შეამოწმეს.
მათ ამ ჯერზე ის ობიექტები მოინახულეს, რომელთა შესახებაც დეპუტატებს პრობლემური საკითხები ინფრასტრუქტურის კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ჰქონდათ დაყენებული. დეპუტატებმა ნახეს, როგორაა მოწყობილი სანიაღვრე არხები ჭავჭავაძისა და გვარჯალაძის ქუჩებზე და რა მდგომარეობაა იქ. ასევე, როგორია მუსხელიშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ დაგებული ასფალტის საფარი და როგორ მოიხრეშა დუმბაძის ქუჩა.
კომისიის წევრთა ამ რეიდის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრეტენზიები, რომელსაც რიგითი ლანჩხუთელები ხშირად გამოთქვამენ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით, არც თუ უსაფუძვლოა. შემოწმების შედეგად კომისიამ დადო დასკვნა, რომ სამუშაოები საკმაო ხარვეზებით შესრულებული და შესაბამის რეაგირებას აუცილებლად საჭიროებს.
როგორც კომისიის წევრი დეპუტატები ამბობენ, შემდგომში კომისია ისევ გააგრძელებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს.