გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა შველი.
მათივე ცნობით, მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე – კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი გიორგი ტოროშელიძე.
"ბრაკონიერი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა უარყოფს, რომ ხსენებული სამი მოქალაქე მასთან ერთად ნადირობდა", _ აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამი არარეგისტრირებული და ერთი სხვის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში.
ამავე თემაზე: