დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდისა და უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს _ აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, აქტიურად იწმინდება გზები აჭარასა და გურიაში, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნალექი მოვიდა.
აჭარის რეგიონში, ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის საუღელტეხილო (კმ106-კმ123) მონაკვეთზე. გურიასა და სამეგრელოში, ინტენსიური თოვის მიუხედავად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეჩერებულა. გზის გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. მაღალმთიან რეგიონებში, დიდთოვლობის გამო, შეზღუდვები მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული.
აქტიურად იწმინდება შიდა გზები აჭარასა და გურიაში. ბათუმის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და სამსახურები. ქუჩებს, რომლებსაც ტექნიკა ვერ უდგება, მობილური ჯგუფები ასუფთავებენ. პრობლემა აღმოფხვრილია ე.წ ჭაობის დასახლებაში, სადაც მერიის პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტექნიკის შეყვანა გართულდა.
შპს "ბათუმის წყალი" საგანგებო რეჟიმში ასუფთავებს სანიაღვრე არხებსა და ცხაურებს, რათა წყლის დაგუბების პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.
ამ დროისთვის აღმოფხვრილია ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი მცირე შეფერხებებიც. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები. ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები ყველგან გაწმენდილია. მუშაობს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე – მუნიციპალური ტექნიკა. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. სამუშაოები არ მიმდინარეობს მხოლოდ ზვავსაშიშ და მეწყერსაშიშ ადგილებში, ან ინტენსიური თოვის დროს, როდესაც ხილვადობა შეზღუდულია. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ცენტრალური გზები ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია. მაღალმთიან რაიონებში, ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
რეგიონს სრულად მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
მოსწავლეთა კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო, სწავლა შეწყვეტილი იყო მაღალმთიანი აჭარის 12 საჯარო სკოლაში და 17 საბავშვო ბაღში. ზოგიერთ რაიონში თოვა გრძელდება. ყინვამ მაღალმთიან აჭარაში -10 გრადუსს მიაღწია.
საგანგებო შტაბები ფუნქციონირებს გურიის რეგიონში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეუზღუდავია, გრძელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. ინტენსიურად იწმინდება გზები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც 10-მდე ერთეული ტექნიკა. მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭანჭათში, სადაც არსებული ტექნიკა ამ დრომდე ვერ შედიოდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს, გზები ინტენსიურად იწმინდება. ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს, გრძელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღუდგება ქვაბღას 20 აბონენტს.
სამაშველო ჯგუფმა, ბახმაროში მყოფი ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ხელის დაზიანებით, ღამით დაბა ჩოხატაურში კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოძრაობა შეზღუდული არ არის. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოში, დიდთოვლობამ ნაზიბროლა ოთხოზორიას საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის გამოც, დაზარალებულის დახმარების საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს. თოვლმა დააზიანა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში ბუთხუზ თოფურიას საცხოვრებელი სახლი, რომლის დახმარების საკითხზე ასევე კომისია იმსჯელებს. თოვლისგან გაიწმინდა ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი, იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.
სენაკის, მესტიის და ხობის მუნიციპალიტეტებში, გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ქუთაისში გაწმენდილია საავტომობილო გზები, იწმინდება ტროტუარები, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
დღის განმავლობაში თოვლის საფარისაგან გაიწმინდება სოფლების ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს, ოფურჩხეთის, რიონის შიდა საუბნო გზები. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაში შეფერხება არ არის. შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია სამტრედიის ზედა ზონის სოფლებში, სადაც თოვლის საფარის სისქემ 70-80 სმ შეადგინა. მოძრაობა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ქალაქისა და ქვედა ზონის სოფლების საავტომობილო გზები გაწმენდილია. გზებზე შეფერხებები არ არის ხონის მუნიციპალიტეტში, ხოლო ვანის მაღალმთიანი სოფლების მიმართულებით, სადაც თოვლის საფარის სისქემ 80-90 სმ შეადგინა, გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
მაღალმთიანი ზონის სოფლების მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. დიდთოვლობამ შეფერხებები გამოიწვია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაში, რის აღმოფხვრაზეც საავარიო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ბაღდათის მაღალმთიანი ზონის სოფლებში მოძრაობა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ქვედა ზონაში საავტომობილო გზები გაწმენდილია, დღის განმავლობაში გაიწმინდება სოფელ შუბანის შიდა საუბნო გზები. მოსახლეობის ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგებაში შეფერხებები არ არის.
ყველა მიმართულებით გაწმენდილია გზები თერჯოლის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, სოფლებში – მუხურა, ჯვარისა, საწირე, თოვლის საფარის სისქემ 90-100 სმ შეადგინა, რის გამოც, სოფელ მუხურას მიმართულებით, მოძრაობა აკრძალულია. გზა დღის განმავლობაში გაიწმინდება, მანამდე კი გადაადგილება შესაძლებელია სოფელ მუჯირეთის მხრიდან, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. შეფერხებებია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცალკეული სოფლების ელექტრომომარაგებაში, რის აღმოფხვრაზეც საავარიო ჯგუფები მუშაობენ. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. გაიწმინდა გზები სოფლების დილიკაურის, საზანოს, ზოვრეთის, მიმართულებით, დღის ბოლომდე დასრულდება სოფელ ბოსლევის გაწმენდითი სამუშაოები.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფლებში. საჩხერეში, თოვლის საფარისაგან გაიწმინდა სოფლების – ცხომარეთის, ჭალოვანის, პერევის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები არგვეთის, კორბოულის, ჭალისა და მერჯევის მიმართულებით. მოსახლეობის ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.
გზები იწმინდება ხარაგაულის სოფლების – ხიდარის, მოლითის, ვახანის, წიფას, ზვარეს მიმართულებით.
დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და სატრანსპორტო საშუალებები შეუზღუდავად გადაადგილდებიან.
თიანეთი-ცხვარიჭამიის მონაკვეთი გრეიდერით იწმინდება. მობილიზებულია ტექნიკა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გასაწმენდად. სოფლებთან მისასვლელი გზები თავისუფალია. მოსახლეობის ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.
გადაადგილება შეუზღუდავია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთი ამ დროისთვის გაწმენდილია და მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ასევე გაწმენდილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭრებალო-ნიკორწმინდის და წესი-ურავის საავტომობილო გზები. გაიწმინდა შიდა სასოფლო გზები გზები. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ელექტროენერგია ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდება. აქტიურად იწმინდება ონის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფარახეთი, სევა, შარდომეთი, ცხმორი წედისი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა ჩაკეტილია სოფელ მრავალძალის მიმართულებით. ელექტრომომარაგებაში შეფერხებები არ არის. მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის მოძრაობა დასაშვებია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები – სოფლებში: ნაკურალეში, ღვირიში, სანორჩი, ნასპერი, ლარჩვალი, აღვი, კენაში, შუა აღვი, ისუნდერი, მახურა, თაბორი.
ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები შიდა ქართლში. გორში, სპეცტექნიკის გამოყენებით, თოვლისაგან გაიწმინდა ქალაქის გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი, იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. თოვლისაგან იწმინდება სოფლის გზები და იყრება ტექნიკური მარილი მოყინულ მონაკვეთებზე.
მოძრაობა დროებით შეიზღუდა კასპის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში – თელადგორი, გომიჯვარი, წინარეხი, საკორინთლო-ახალშენა, რომლებშიც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზები იწმინდება ხაშურის მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგია მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს უწყვეტად მიეწოდება.
თოვლის გამო შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრაზე მუშაობა გრძელდება ქვემო ქართლში. ინტენსიურად იწმინდება ლოჭინი-სართიჭალა-გარდაბანი-გლდანის მიმართულება, მაღალმთიანი ზონის სოფლებში – თელეთი, კუმისი, მარტოფი, ნორიო, ახალსოფელი, მოყინულ გზებზე იყრება მარილი. საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს თეთრიწყაროსა და მარნეულში. ტექნიკური მარილი იყრება წალკაში, რათა მოძრაობა შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი" _ აღნიშნულია ინფორმაციაში.