გურიაში დიდთოვლობაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. სოფელ ზოტის მაცხოვრებლების თქმით, ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია:
_ სოფელში ტექნიკაც არის, საწვავიც და გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია სოფელ ქვაბღაშიც, სადაც შპს "გზამშენი 18" მუშაობს და როგორ მისი ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ამბობს რამდენიმე საათში პრობლემა მოგვარებული იქნება.
დილიდან ინტენსიურად იწმინდება დაბა ჩოხატაურის ქუჩები და ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ჩოხატაურს.
გზები იწმინდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც:
_ საკმაოდ დიდი თოვლია, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში. ყველა მიმართულებით მუშაობს ტექნიკა, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
სინოპტიკოსების ცნობით, გურიაში თოვა კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.