ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ბიზნესმენი, "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ს 100% – იანი წილის მფლობელი ზურაბ ჩხაიძე ქალაქ ოზურგეთის მერიას პირობებიანი აუქციონის გზით შეძენილი, ყოფილი სასტუმრო "გურია"-ს ჩამორთმევის გამო ედავება, სადაც ბიზნესმენმა ყველა პირობა დაარღვია და ახლა ადგილობრივ მედიაში ცრუ ბრალდებას ავრცელებს.
ვინაიდან აღნიშნული თემა ბიზნესმენმა მედიაში გაავრცელა და ქალაქის მერიას არაკორექტულ კონტექსტში მოიხსენიებს, საჭიროდ მივიჩნევთ, საზოგადოებას დეტალურად განვუმარტოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი, რათა ყოფილი სასტუმრო "გურია’’-სთან დაკავშირებით მოქალაქეებს პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩეთ.
ბიზნესმენის ირონიული გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, მომსახურების ზონიდან თავად ბატონი ჩხაიძეა გასული, აგერ უკვე წელიწადნახევარია, ქალაქის მერია სულ ზონაშია. დიახ, ოზურგეთის მერიას აქვს უფლება თავიდან გამოაცხადოს აუქციონი, მას შემდეგ, რაც ბატონმა ჩხაიძემ არ შეასრულა ის პირობები, რომლითაც შეიძინა ყოფილი სასტუმრო "გურია".
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა საჯარო პირობებიანი აუქციონი. აუქციონი გამოცხადებული იყო მხოლოდ იმ კონკრეტულ ფართზე, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს. დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, რომ აღნიშნული ფართი არანაირი ვალდებულებით არ იყო დატვირთული (იჯარის, უზურფრუქტის ან სხვა ფორმით). 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მოგვმართა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა’’-ს წარმომადგენელმა ეკატერინე გოგოლაძემ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, 2015 წლის 19 აგვისტოს გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მიეღო მონაწილეობა. (აღნიშნული შპს -ს დამფუძნებელი და მფლობელი ზურაბ ჩხაიძე გახლავთ.) აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველ პირს, თუმცა აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი "კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ დაფიქსირდა და შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა’’. მას თავიდანვე განესაზღვრა შესასრულებელი პირობები, რომლის თანახმადაც მას არანაკლებ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და შენობის რეკონსტრუქციის დროს მუშახელი ადგილობრივი მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა ყოფილიყო.
ბატონი ზურაბი არავის მოუტყუებია. მას თავიდანვე ჰქონდა ფართისა და პირობების შესახებ სრული ინფორმაცია. აუქციონის შემდეგაც პირადად დაათვალიერა შენობა და მან ზუსტად იცოდა, რა ფართობი შეიძინა აუქციონზე.
რაც შეეხება ბრალდებას ფართის შემცირებასთან დაკავშირებით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ამას საჯარო რეესტრის ამონაწერებიც ადასტურებს. აღნიშნული ქონება გასხვისდა საჯარო რეესტრის 2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით. (იხილეთ: საჯარო რეესტრის საიტზე – 882011029232) აქვე მითითებულია, რომ ფართი გახლავთ 3887 კვ.მ. 2014 წელს მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ ზემოთაღნიშნული ქონება დარეგისტრირდა სსიპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, სადაც ფართი უცვლელია და ფიქსირდება იგივე 3887 კვ.მ. რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხილეთ: საჯარო რეესტრი საიტზე – 882014470940). 2015 წლის 19 აგვისტოს აუქციონზეც იგივე ფართი გახლდათ წარმოდგენილი.
მას შემდეგ, რაც ბატონმა ჩხაიძემ პირობებიან აუქციონზე შეიძინა ზუსტად ის ფართი, რომლის შესახებაც ზედმიწევნით კარგად ინფორმირებული ბრძანდებოდა, მიიხედ-მოიხედა და იმ დამატებითი ფართების შეძენის სურვილი გაუჩნდა, რომელიც არა ჩვენი, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ეს არ ამართლებს მის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ვინაიდან მას სწორედ იმ ფართზე ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა, რომელიც აუქციონზე შეიძინა და მერიის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედიოდა, თუ რას შეიძენდა დამატებით გარდა იმისა, რაც აუქციონზე იყიდა.
წესით, ბატონი ზურაბი ქალაქ ოზურგეთის მერიას აქეთ კი არ უნდა ედავებოდეს, პირიქით, უხერხულობას უნდა გრძნობდეს უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. ქალაქის მერია ამ ადამიანში სერიოზულ ბიზნესმენს და ინვესტორს ხედავდა, თუმცა ეს წარმოდგენა თავადვე გააცამტვერა.
ბატონო ზურაბ, დაეკითხეთ თქვენს კოლეგებს, რამდენად გაამართლებენ თქვენს ასეთ საქციელს?! ვისგან რის მოგვარებას ითხოვთ, ბატონო ბიზნესმენო, რაც პირობიანი აუქციონით მოიგეთ, კეთილი გენებათ და ის პირობა შეგესრულებინათ. სწორედ ეს გახლდათ თქვენი ვალდებულება. თქვენ არცერთი (აქაც ტყუით) იჯარით გაცემული ფართი არ შეგისყიდიათ აუქციონზე, მერე კი მოგინდათ სხვა დანარჩენი ფართების შესყიდვა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ხელი შეგვეწყო, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენთვის, მაგრამ რა ვქნათ, ბატონო, თუკი თქვენი ნება-სურვილი კანონის საწინააღმდეგოდ ვერ ასრულდება ჩვენს ქვეყანაში.
(R)