25 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ძიუდოს სასახლეში მესამედ ჩატარდა საბრძოლო ხელოვნებათა შეჯიბრი-დათვალიერება, რომელშიც 9 ფედერაცია მონაწილეობდა: კუნგფუ, ტაეკგანდო, სამბო, აიკიდო, უშუს ორი სხვადასხვა მიმართულება, ჭიუ-ჯიცუ, შავფაროსნები და კონტაქტური კარატე.
ჟიურიმ (ტ.ხეჩიკაშვილი, შ.გოგოლაძე, ა.შენგელია, ა.ლეჟავა და ი.დოლაბერიძე) გამარჯვება ერთხმად მიანიჭა კარატისტთა გუნდს, რომელთა გამოსვლას ხელმძღვანელობდა ჩოხატაურელი გია გვენეტაძე. გვენეტაძემ ინდივიდუალურად აჩვენა რამდენიმე რთული კატა და ტამაშივარი. შემდეგ ჩატარდა გუნდური პირველობა (სამ-სამი სპორტსმენი თითოეულ გუნდში) ფედერაციათა შორის კონტაკტურ კარატეში ორი ასაკობრივი (14-15 და 16-17) წლის კატეგორიაში. პირველი ადგილი ორივეში მოიპოვა გ.გვენეტაძის მომზადებულმა გუნდებმა (ფედერაციის პრეზიდენტი ან.ჩუბინიძე). ბოლოს გაიმართა საქართველოს ღია აბსოლუტური ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელშიც ჩემპიონის ტიტული გვენეტაძის მომზადებულმა თენგიზ ბასტოიანმა მოიპოვა. ყველა ძირითადი ბრძოლა ცენტრალური მსაჯის პოსტზე გვენეტაძემ იმსაჯა. ასე რომ, ღონისძიებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩოხატაურის სასპორტო სკოლის კონსულტანტმა გია გვენეტაძემ.
გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადასცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. სპორტულ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და იაპონიის ელჩი საქართველოში.
ფესტივალმა დიდი მოწონება დაიმსახურა.