“მე სამწუხაროდ არ მაქვს მიღებული ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებასთან, ამ განჩინებასთან დაკავშირებით, მე ერთადერთი, არ შემიძლია ვთქვა ზოგადად, აქედან გამომდინარე, რომ მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ერთერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ” _ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა უჩენდა თუ არა კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ზეპირი მოსმენით, გადაწყვეტილება რამდენიმე საათში იქნა მიღებული:
“მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და ის მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით განსაკუთრებულად. შესაბამისად, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედია საშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული.
ჩვენ, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს. ეს არის ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ, მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც სახეზეა 2012წლის შემდეგ და ამ მიღწევას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარი არის შემდეგი – ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები” _ აღნიშნა კობახიძემ.