ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა კობალაძეს, რომელიც 7 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, გამოძიებისთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია.
კობალაძემ, რომელიც ბრალს არ აღიარებს, სამართალდამცაცებს მხოლოდ ის უთხრა, რომ სერგი ცინცაძეს, რომელმაც ფარული ვიდეო გადაღება აწარმოა და რომელიც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა ამ საქმეში მისი ვალი მართებდა.
_ გელა ამბობს, რომ მას მოწმეებიც ჰყავს და ამის დამტკიცება შეუძლია, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარის უფლებადამცველი ხათუნა კეჭაყმაძე.
როგორც გავარკვიეთ, საქმე, რომელიც 4 ტომისგან შედგება ბევრ მტკიცებულებას მოიცავს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ კითხვის ნიშნები ბევრია:
_ ყველა დეტალის გაცნობას დროს სჭირდება. წუხელ, გვიან გადმომეცა საქმის მასალები და შესაბამისად, ყველა დეტალზე საუბარი არ შემიძლია. თუმცა, ის შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს _ Tუნდაც, გამოქვეყნებულ ვიდოეჩანაწერთან მიმართებაში, _ ამბობს ადვოკატი.
ხათუნა კეჭაყმაძის თქმით, კობალაძე სამართალდამცავებს ჩვენებას მას შემდეგ მისცემს, რაც ბრალდების მტკიცებულებებს სრულად გაეცნობიან.
დღეს კობალაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ადვოკატს იმედი აქვს, რომ მისი გირაოთი გათავისუფლება მოხერხდება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რა მტკიცებულებები აქვს სუს-ს, ვინ არის მთავარი მოწმე და რა საერთო ჰქონდა მას დაკავებულთან _ ამ თემაზე გურია ნიუსი ამ წუთებში მუშაობს და ვრცელ მასალას მოგვაინებით შემოგთავაზებთ.