„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, 2016 წელს, იმერეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების, პრემიის, ჯილდოს, დახმარების ან/და სახელფასო დანამატთა ოდენობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2016 წელს გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 22 323 636 ლარი შეადგინა. აქედან, გამგეობებში/მერიაში სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა 17 217 253 ლარი, ხოლო საკრებულოებში – 5 106 383 ლარი.
მუნიციპალიტეტებში გაცემულმა პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატთა ჯამმა წლის განმავლობაში 3 360 132 ლარი შეადგინა (გამგეობებში – 2 592 786 ლარი, საკრებულოებში – 767 346 ლარი).
ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემია ყველაზე დიდი ოდენობით გაიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში (გამგეობა – 405 245 ლარი, საკრებულო – 95 025 ლარი). აღებული პრემიის სიმცირით გამოირჩევა ბაღდათის გამგეობა (17 550 ლარი) და ხარაგაულის საკრებულო (1000 ლარი).
აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის მანძილზე პრემია/ჯილდო/დახმარება/სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
“მუნიციპალიტეტების საკრებულოების რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. საინტერესოა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოკიდებულება ამ მუხლისადმი. ისინი აღნიშნულ ნორმას საკრებულოს თანამდებობის პირებზეც ავრცელებენ და მოწოდებულ დოკუმენტაციაში გვწერენ, რომ ტყიბულის მუციპალიტეტში საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, პრემიასა და სახელფასო დანამატს არ იღებენ. შესაბამისად, ტყიბულის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ სულ 3 600 ლარი შეადგინა.
ქუთაისის საკრებულოში საკრებულოს თანამდებობის პირები – თავმჯდომარის მოადგილეები, ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარია, მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ დანამატს თვეში 2150 ლარის ოდენობით. ჯამში, მთელი წლის მანძილზე თითოეულის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატმა 25 800 ლარი შეადგინა. ცალკეულ თანამდებობის პირებზე გაცემული მაღალი პრემია/დანამატით გამოირჩეოდა ასევე სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები .
ქალაქ ქუთაისის მერიამ არ მოგვაწოდა პრემია/დანამატის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილი სახით. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად ვისზე გაიცა აღნიშნული პრემია/დანამატი. მათ შორის, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს ქუთაისის მერისა და სხვა თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის ოდენობა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი რეგიონში ერთადერთია, რომელმაც გასცა საშვებულებო დახმარება 128 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გაცემა ხდებოდა დასაქმებულის შვებულებაში გასვლის პერიოდში, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამრიგად, დასაქმებული შვებულებაში ყოფნის პერიოდში იღებდა სარგოს ორმაგ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ ტერმინს “საშვებულებო დახმარება” და მისი გაცემის მიზნობრიობას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.
პრემიის გაცემის დღეები ყველა მუნიციპალიტეტში ერთმანეთს ემთხვევა. პრემია, როგორც წესი, გაიცემა 8 მარტის (მხოლოდ ქალ თანამშრომლებზე), სააღდგომო და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ამ დღეების გარდა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გასცა პრემია. პრემიების გაცემასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პრემია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიცემა უკლებლივ ყველა თანამშრომელზე და მისი გაცემის დასაბუთებულობაც არ პასუხობს კანონმდებლობით დაწესებულ სტანდარტებს”, _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
იმერეთის მუნიციპალიტეტების სახელფასო ანაზღაურება და პრემია-დანამატები