სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასრულდა მუნიციპალური თამაშები, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს 1400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 80 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა 2017-ის მუნიციპალური თამაშები დეკემბერში დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდა. გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში და იბრძოლებენ რეგიონის პირველობისათვის. დღეს, 4 აპრილს, გურიის მხარეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის შემდგომი ეტაპი – რეგიონული თამაშები იწყება.
ქალაქ ოზურგეთის სპორტის სასახლეში, გაიმართება მინი ფეხბურთი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის სკოლების გუნდები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ჩემპიონები არიან და დღეს რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებენ. რეგიონული თამაშები მიმდინარე წლის 4 აპრილიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეგიონული თამაშების მასპინძლობა, რეგიონის ცენტრალურ ქალაქებთან ერთად, მუნიციპალიტეტებმაც ითავეს და ამ მხრივ, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას კიდევ უფრო საინტერესო, მასობრივი და სანახაობრივად დატვირთული სახე მიეცა.
კახეთში რეგიონულ თამაშებს თელავი და ყვარელი უმასპინძლებენ, მცხეთა-მთიანეთში _ მცხეთა, ქვემო ქართლში _ რუსთავი, გარდაბანი და დმანისი, შიდა ქართლში _ გორი, ხაშური და კასპი, სამცხე-ჯავახეთში _ ბორჯომი და ახალციხე, იმერეთში _ ზესტაფონი, ბაღდათი და ქუთაისი, სამეგრელო ზემო-სვანეთში _ ფოთი, აბაშა და ზუგდიდი, გურიაში _ ჩოხატაური და ოზურგეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ ცაგერი და ამბროლაური.
რეგიონული თამაშების შემდეგ, ოლიმპიადა 2017-ის ფარგლებში, გაიმართება ზონალური, ხოლო შემდგომ კი დასკვნითი (ფინალური) თამაშები. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.
პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.