სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იკრიბება.გუშინ, იდლიბის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია.
ექსპერტების შეფასებით, მომწამვლელი გაზი ჰაერში ჭურვების აფეთქების შემდეგ გავრცელდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივები სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. იდლიბის ტრაგედია მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს.
ბრიტანული მონიტორინგის მისიის ინფორმაციით იერიში, სირიული ან რუსული ავიაციით განხორციელდა, თუმცა ასადის რეჟიმი ამ ფაქტს უარყოფს. რუსეთმა დაადასტურა, რომ იერიში სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს და სამიზნე ტერორისტების ქიმიური იარაღის დამამზადებელი ქარხანა იყო.
იდლიბის პროვინციაში მომხდარს გამოეხმაურნენ ბრიტანეთის პრემიერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ტრამპის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჭურვები იდლიბის პროვინციაში აფეთქდა.
ექიმების განცხადებით, დაღუპულებსა და დაშვებულებს მომწამლავი ნივთიერების კვალი და სიმპტომები აღენიშნებათ.
უფლებადამცველების განცხადებით, ქიმიური იარაღი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ გამოიყენა. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ დამასკოში და აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალები მსგავსი ტიპის იარაღს არ იყენებენ.