“პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის” (PMCG) ინფორმაციით, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია 7.4%-ით; ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია 15.4%-ით; მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მშენებლობაზე სესხების წილი მთლიან სესხებში (2.2 პროცენტული პუნქტი); ვაჭრობის წილი მთლიან სესხებში შემცირებულია (-2.9 პროცენტული პუნქტი); შემცირებულია უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში (-0.6 პროცენტული პუნქტი).
ამ ინფორმაციას ორგანიზაცია PMCG საქართველოს ეროვნული ბანკზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმციის თანახმად, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (7.4%). მნიშველოვნადაა გაზრდილი ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა (17.2%), მაშინ როცა უცხოური ვალუტით დეპოზიტები გაზრდილია მხოლოდ 3.7%-ით.
მათივე ცნობით, ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი დიდი მერყეობით ხასიათდება, უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (-1.2 პროცენტული პუნქტი) და 5.8 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 8.8%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 3.0%-ს შეადგენს.
ამავე კვლევის თანახმად, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (15.4%)*. ეს მეტწილად გამოწვეულია ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მნიშვნელოვანი ზრდით (23.2%). უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 6.5%-ით არის გაზრდილი.
ოგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი დიდი მერყეობით ხასიათდება უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული და უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (0.8 პროცენტული პუნქტი) და 12.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 20.9%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 8.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების სტრუქტურას, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს მიმართულება მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. კერძოდ, შემცირებულია ვაჭრობისა (-2.9 პროცენტული პუქტი) და მრეწველობის (-1.7 პროცენტული პუნქტი) წილი მთლიან სესხებში, ხოლო გაზრდილია მშენებლობის (2.2 პროცენტული პუქტი), ჯანდაცვისა (0.9 პროცენტული პუნქტი) და სასტუმროებისა და რესტორნების (0.8 პროცენტული პუნქტით) წილი მთლიან სესხებში.
„2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (5.8%, 73 მლნ. ლარი), თუმცა, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში შემცირებულია (-0.6 პროცენტული პუნქტით) და 7.4%-ს შეადგენს, რაც, მეტწილად, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით აიხსნება. აღნიშნულ პერიოდში სპეციალური რეზერვები ფარავს უმოქმედო სესხების 48%-ს.
2017 წლის იანვარ-თებერვალში 1,000 ლარამდე გაცემული სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული (-316,743 ერთეული), მაშინ როდესაც უცხოური ვალუტით გაცემული იმავე მოცულობის სესხების რაოდენობა გაზრდილია 5,705 ერთეულით. ამის საპირისპიროდ, 1,000-100,000-ლარამდე გაცემული სესხების რაოდენობა ჯამში გაზრდილია 63,612 ერთეულით, ხოლო იმავე მოცულობის უცხოური ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია 4,662 ერთეულით. აღნიშნული შემცირება მეტწილად გალარების სახელმწიფო პროგრამით შეიძლება აიხსნას.
100,000 და მეტი მოცულობის სესხების შემთხვევაში, ზრდა ფიქსირდება როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებში, თუმცა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად (15-ჯერ) აღემატება უცხოური ვალუტით გაცემული სესხების რაოდენობას”, _ აღნიშნულია კვლევაში.