საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუცია აბსოლუტურად გაუმართავია, შემუშავებული მოდელით კი, ყველა პუნქტი გადაისინჯა.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„აბსოლუტურად გაუმართავი იყო სტრუქტურა ნორმები. მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო ყველა იურისტისთვის. სახელმძღვანელო იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი დოკუმენტი სწორი იურიდიული თვალსაზრისით. სამი ამოცანა ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ვფიქრობთ, რომ სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით შესრულებული. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული კომისიის მიერ. რომ შეადაროთ ახალი და ძველი კონსტიტუცია თითქმის ყველა მუხლი არის გადასინჯული, ყველა პუნქტს შეეხო ცვლილებები და უხეშად რომ ვთქვათ, ამ ცვლილებების 80-90% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს მოსაზრებებს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“, _ აღნიშნა კობახიძემ.