თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია“,_ ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა“.
მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია:
„რაც შეეხება იმ ე.წ. „კორუფციულ გარიგებებს“, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა. (იხ. ფოტოები)
მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანებას – „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ნუ შეეცდებიან მერიის წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია დაუპირისპირებს სიმართლეს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას“, _ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, “ახალი საქართველომ” უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, მასშტაბური კორუფციული სქემის დეტალები.
კერძოდ,
“1. უფასო სასადილოების საქმეში, ფიგურირებს ორი მთავარი კომპანია – „ილი ჯგუფი“ და „ნილი“
2. 2014 წლის არჩევნების წინ, კომპანია „ნილის“ ხელმძღვანელმა, „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. ამავე კომპანიის დამფუძნებელმა, თეიმურაზ გიორგაძემ 30 000 ლარი.
3. 2014 წლის დეკემბერში, კომპანია „ნილმა“ მიიღო მილიონობით ლარის ხელშეკრულება, თბილისის სხვადასხვა გამგეობიდან.
4. ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა სამჯერ, შესაბამისად გაიზარდა კომპანიების დაფინანსება ბიუჯეიდან.
5. 2015 წელს „ნილის“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ კვლავ შესწირა 60 000 ლარი.
6. „ილი ჯგუფი“ და მისი დირექტორები, იაშა ჩაუა და ლაშა უღრელიძე პირდაპირ კავშირში არიან, თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ლილუაშვილის საარჩევნო კამპანიაში 2016 წელს.
7. 2015 წელს, „ილი ჯგუფმა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან მიიღო დაფინანსება 6 მილიონი ლარის ოდენობით.
8. „ახალი საქართველოს“ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 39 251 ბენეფიციარიდან, ნახევარიც კი არ დადის უფასო სასადილოებში ყოველდღიურად. ბიუჯეტი კი მთლიანადაა ათვისებული.
9. ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე მიდის მერიის, გამგეობისა და საკრებულოს ჩინოვნიკთა ჯიბეში.
10. კომპანია „ილის“ დამფუძნებლები, ლაშა უღრელიძე და იაშა ჩაჩუა მდიდრდებიან ჰაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. .ლაშა უღრელიძემ, რამდენიმე თვის წინ იყიდა ავტომობილი Range Rover. იაშა ჩაჩუამ, რამდენიმე კვირის წინ იყიდა ავტომობილი Toyota”, _ აცხადებს “ახალი საქართველო”.