„ეს არის ტყუილი. ყველაფერი კეთდება, რომ ეს საკითხი ისე მოწესრიგდეს, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესია. საუბარია იმაზე, რომ შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში შედის. მიწასთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არ გაქვთ“, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ფილარმონიაში მყოფმა სანდრო ბრეგაძემ, ლადო სადღობელაშვილმა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ მოითხოვეს, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქართული მიწები არ გასხვისდება.
მისივე განცხადებით, ქართული მიწების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში შევა.
კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვისას ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა, “ხელისუფლება რით განსხვავდება იმ ოკუპანტისგან, რომელიც კონსტიტუციაში არ წერს, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”.
საკითხზე განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარემ გაააკეთა და „ტყუილი“ უწოდა ოპონენტების იმ განცხადებას, რომ ქართული მიწების გასხვისება იგეგმება.
მმართველი გუნდის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მიწებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართოს და საზოგადოებას აუხსნან, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში და რა ორგანულ კანონში.
ფილარმონიაში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა. დარბაზში შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფის შეძახილების გამო, სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.