საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სპორტული ასპარეზობებით დაიწყო.
გაიმართა ტრადიციული დოღი. პირველი ადგილი დაიკავა გამგეობის სახელით მოასპარეზე სოსო რამიშვილმა; 2-კილომეტრიან დოღში პირველი ადგილი წილად ხვდა ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის სახელით მონაწილე თამაზ ჩხიკვაძეს, მეორე ადგილზე გავიდა _ გივი გიორგაძე (გუთური), 3-კილომეტრიან დოღში პირველი ადგილის მფლობელი სოსო რამიშვილი გახდა, ამავე მანძილზე ჯირითში მეორე ადგილი სოფელ ბახვის სახელით მოასპარეზე გივი გიორგაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე სამტრედიის წარმომადგენელი გივი კიკაჩეიშვილი გავიდა. I, II და III ადგილებზე გასულ ცხენოსნებს, შესაბამისად, 150, 80 და 50 ლარი გადაეცათ. გარდა ამისა, პირველ ადგილზე გასულ ცხენოსანს კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა.
ბაგირის გადაძალვაში I და II ადგილები მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და გუთურის გუნდმა გაინაწილეს, რომლებსაც, შესაბამისად, ფულადი ჯილდო _ 150 და 100 ლარი გადაეცათ.